ბატონების ბაღი
1 min read

ბატონების ბაღი

რა ვიცით ბოტანიკური ბაღების შესახებ? ეს კითხვა საზოგადოებას ალბათ ორ ჯგუფად გაჰყოფს, იმ აზრით, რომ ბოტანიკური ბაღების შესახებ ან ვიცით ძალიან ბევრი (სპეციალისტებმა — ბიოლოგებმა, არქიტექტორებმა, მებაღეებმა, განათლების მუშაკებმა, ქალაქის მმართველობის წარმომადგენლებმა), ან ძალიან ცოტა (ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა). პირველები შედარებით უმცირესობაა, მეორენი კი ალბათ დიდი უმრავლესობა. ამ ორი ჯგუფის გარდა კიდევ შეიძლება იყოს ძალიან ცოტა ხალხი, ვინც ბოტანიკური ბაღების შესახებ მეტნაკლებად სრული ცოდნის მფლობელია, ოღონდ პროფესიულად არაა დაკავშირებული ამ ბაღებთან. თუ ნაკლებად მცოდნეები შეეკითხებიან მცოდნეებს, შეიტყობენ, რომ ბოტანიკური ბაღი, თანამედროვე ენა რომ გამოვიყენოთ, ერთობ მრავალფუნქციურ და მრავალასპექტიან, მართლაც რომ კომპლექსურ პროექტს წარმოადგენს. ამიტომაც, არაა გასაკვირი აზრთა ნაირგვარობა ბოტანიკური ბაღების შესახებ არამც თუ ჩვეულებრივ მოქალაქეთა შორის, არამედ სპეციალისტთა შორისაც… ბოტანიკური ბაღი, უპირველესად არის…:

  • მწვანე კუნძული ქალაქის ურბანულ გარემოში
  • განათლების კერა და ფანჯარა ბუნებაში
  • ბევრი სახეობის მცენარისგან შემდგარი პლანტაცია
  • კარგი დასასვენებელი და გასართობი ადგილი
  • ქალაქისათვის პრესტიჟული პროექტი
  • ბოტანიკური კვლევების ცენტრი
  • ბიოლოგიური კონსერვაციის ცენტრი
  • მცენარეებზე ტრადიციული და ეთნობოტანიკური ცოდნის საცავი
  • ადამიანების მიერ შექმნილი ეკოსისტემა, რომელიც სხვა ეკოსისტემების მსგავს სერვისებს გვაწვდის
  • მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და პრაქტიკის გავრცელების კერა
  • ქორწილების და სხვა საზეიმო ღონისძიებების მოსაწყობი შესანიშნავი ადგილი
  • და სხვა

ამიტომაცაა, რომ ბოტანიკური ბაღების მართვა უჩვეულო გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

  ყველაზე მოკლე, თუნდაც საკმაოდ ზოგადი და არაზუსტი განსაზღვრა ალბათ არის შემდეგი: ბოტანიკური ბაღი არის კულტურისა და ბუნების ურთიერთმოქმედებების ადგილი, ესაა ამავე დროს მწვანე ზონა, რომელშიც ხარობს ბევრი მცენარე და მათთან დაკავშირებული ბევრი ცხოველი ცხოვრობს, ის მოქალაქეებს სთავაზობს ადგილს დასვენების, რეკრეაციისა და სოციალური ურთიერთობებისათვის. ბოლო 10-15 წლის მანძილზე ბევრი ბოტანიკური ბაღის მართვა გადავიდა „ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების“ საწყისებზე, რაც გულისხმობს წყლის, ენერგიის, შხამქიმიკატების შემცირებულ მოხმარებას — ეს გარემოება უკვე მათს წესდებებშიც კია შეტანილი. ამავე დროს ბოტანიკური ბაღის მნახველთა რიცხვი განუხრელად იზრდება დედამიწის ყველა კუთხეში და ბაღების, როგორც გართობისა და დასვენების ადგილის მნიშვნელობაც მატულობს. გახშირდა კვლევები, რომლებიც სწავლობენ თუ რამდენად აკმაყოფილებს ბოტანიკური ბაღები მნახველთა მოლოდინს და იმასაც კი, თუ რამდენად აისახება ბოტანიკურ ბაღში რეგულარული სიარული მნახველთა ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, ბოტანიკური ბაღები ტრადიციულად მოწინავე სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ბუნების მეცნიერული კვლევის ცენტრებიცაა. მთავარი კი ისაა, რომ მიუხედავად ეკონომიკური რენტაბელობის პრობლემებისა, საზოგადოებრივი აზრი უმთავრესად ძალიან დადებითია და მხარს უჭერს ბოტანიკურ ბაღებს სწორედ მათი სამეცნიერო, კულტურული და ბუნებისდაცვითი მისიების გამო.

საერთოდ ადამიანის დამოკიდებულება ბაღების (არა მარტო ბოტანიკურის) მიმართ მკვეთრად დადებითია და ეს ასე იყო ისტორიულადაც. ბაღები შეძლებული და მშვიდი ცხოვრების სიმბოლო იყო ყოველთვის. მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ადამიანმა ვერ მოძებნა ბედნიერების უკეთესი კონცეპცია, ვიდრე სამოთხის ბაღი. რელიგიათა უმრავლესობის მიხედვით, ასეთ ბაღში მოხვედრა სიკვდილის მერე მხოლოდ რჩეულებს, განსაკუთრებით ღვთისნიერ ადამიანებს შეუძლიათ. ყველგან დედამიწის ზურგზე, ყველა ცივილიზაციაში, სამოთხე, ანუ საუკუნო ბედნიერების, უშფოთველი და უზრუნველი ყოფის ადგილი, სწორედ რომ ბაღს წარმოადგენს: ედემის ბაღი წინა აზიის რელიგიებში, აარუ ძველ ეგვიპტეში, მაგ მელი კელტურ (ირლანდიურ) ლეგენდებში, ვალჰალა სკანდინავურ მითოლოგაში, ელიზეუმი ძველბერძნულ მითებში, მესამე ცა ვედებში, სიმღერების სახლი ზოროასტრიზმში, ბატონების ბაღი ძველ ქართულ ლეგენდებში. ეს უკანასკნელი სათაურშიც არის ატანილი… რა არის ბატონების ბაღი?

ქართული ეთნოგრაფია ამ ბაღს იცნობს, როგორც ბატონების სამყოფელს, გაშენებულს ან მაღალი ზღუდით გარშემორტყმულ მიწაზე, ან მშვენიერ კუნძულზე, რომლის ნაპირებს ლურჯი ზღვა ელამუნება. მასში ბროლის წყაროები, თაფლის მდინარეები და რძის ნაკადულებია, ოქროს სხივებით ანათებს მზე. ბაღში იზრდება უმშვენიერესი ყვავილები, მრავალი ხილი. ბაღში ერთი და იგივე ხილი „ზოგი მწიფე იყო, ზოგი მაშინ ყვაოდა, ზოგი იფოთლებოდა და ზოგი კი გამოდიოდა“. ვინ ცხოვრობს ამ ბაღში? ჩვენი წარმართული პანთეონის ღვათებათა წმინდა ოჯახი: მზისა და მთვარის დედა, თავად მზე და მთვარე, მზის სამი ქალიშვილი და ჭექა-ქუხილის ღმერთი ელია თავის ოქროს ვერძით. ამათ გარდა კიდევ ცხოვრობენ „ბატონები“ — ინფექციური სახადის, როგორიცაა წითელა, ყვავილი და სხვა, გამომწვევი სულები. სწორედ ამ ბატონებს მიმართავენ სახადით დაავადებულის ოჯახები, როცა მათ უშლიან ნუგბარ სუფრას, უმღერიან და ყოველნაირად პატივს ცემენ, რომ თავიანთ საბრძანებელში დაბრუნებისას არ წაიყოლონ ავადმყოფი — აქედან მოდის სახელი „ბატონების ბაღი“.

ასეა თუ ისე, ბაღებს ჩვენს კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იჭირავს… მაგრამ ბაღიც არის და ბაღიც, ისინი, როგორც ვხედავთ, სამოთხის ერთი იდეის მიუხედავად, სრულიად სხვადასხვანაირია. ასევეა ბოტანიკური ბაღებიც და სხვა ნებისმიერი კერძო თუ საჯარო ბაღი (დასვენებისა და კულტურის პარკი, ტყეპარკი, ყვავილების ბაღი სხვ.). მაშ, რაღა განასხვავებს ბოტანიკურ ბაღს დანარჩენი ბაღებისგან?

ბოტანიკურ ბაღებს დანარჩენი ბაღებისგან განარჩევს ბოტანიკა, მეცნიერება მცენარეების შესახებ, რომელიც ბოტანიკური ბაღის აუცილებელი ატრიბუტია და ასეთად რჩება მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბოტანიკური ბაღების რაოდენობა იზრდება და როგორც ახალგაშენებული, ისე ძველი ბაღებიც მრავალი განსხვავებული ტიპისაა. ეს კია, რომ ზოგ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა ფუნდამენტურ კვლევებს მეტი ადგილი, დრო და რესურსები ეთმობა, ზოგან კი ნაკლები. მართლაც, საერთაშორისოდ ცნობილი ბაღები, როგორიცაა მისურის ბოტანიკური ბაღი, ან კიუს ბაღი ლონდონში, უმთავრესად ბოტანიკურ კვლევებს ემსახურებიან, მაშინ როცა სხვა ბაღებში დასვენება-გართობის, ან სოციალური ფუნქცია, ან ტურიზმია წინ წამოწეული. ისიც უნდა ითქვას, რომ ძველი და დიდი ისტორიის მქონე ბაღები თავისთავად წარმოადგენენ ტურისტების მიზიდულობის ცენტრებს. ასეთივე მიზიდულობას ქმნიან განსაკუთრებული ლანდშაფტებისა და ბუნების ძეგლების (იშვიათი მცენარეები, ტბები, მდინარეები, ჩანჩქერები) მქონე ბაღები. ბოტანიკურ ბაღებს აკუთვნებენ ასევე მხოლოდ ხე და ბუჩქოვანი მცენარეების ცოცხალ კოლექციებსაც (დენდრარიუმი, დენდროპარკი, არბორეტუმი).
   

 ბოტანიკური ბაღები ეკონომიკურ პერსპექტივაში არაა მომგებიანი. რა თქმა უნდა, ბაღებში ხორციელდება პროექტები, რომელთაც გარკვეული მოგება მოაქვთ, მაგრამ საზოგადოდ ეს ბოტანიკური ბაღის შენახვის ხარჯებს იშვიათად ანაზღაურებს, რაიმე დიდ მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტომ ბაღებს მუდმივად უხდებათ ან დოტაციაზე ყოფნა (მაგალითად, უნივერსიტეტისგან ან ქალაქის მერიისგან), ან კამპანიების გამართვა და დონაციების შეგროვება როგორც მოქალაქეებისგან, ისე სხვადასხვა საქველმოქმედო, სამეცნიერო თუ განვითარების ფონდებისგან. ასე, რომ ბოტანიკური ბაღი წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით უინტერესო პროექტია. და მაინც, მსოფლიო ტენდენცია გამოკვეთილად აჩვენებს, რომ ბოტანიკური ბაღების რაოდენობა იზრდება და მათ არ აკლიათ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. კვლევები ბოტანიკური ბაღების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებისათვის ბევრი არაა, მაგრამ რაც არის, ისინი საინტერესო კანონზომიერებს აჩვენებენ. მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების გამოკვლევა ცალსახად აჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია ერის განვითარების ინდექსი (Nation’s Development Index), მით მეტია ბოტანიკური ბაღები ამ ქვეყანაში. პირიქითაც შეიძლება იყოს: რაც მეტ ბოტანიკურ ბაღს ინახავს და უვლის ესა თუ ის ქვეყანა, მით უფრო მდგრადი და სწრაფია მისი განვითარება.

ჩვენთან როგორღაა საქმე? ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ბოტანიკური ბაღები, როგორც მათი ახლანდელი მდგომარეობით, ისე მდიდარი წარსულითა და ტრადიციებით… თუმცა, საქართველოს განსაკუთრებით მდიდარი ბუნება და ჩვენი ისტორია, ჩვენი მისწრაფებები განვითარებისკენ მეტს გვავალებს… გავიხსენოთ: „საქართველო ზომიერი კლიმატის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია ფლორისტული თვალსაზრისით. საქართველოს ფლორის შემადგენლობაში ჭურჭლოვან მცენარეთა 4 100-ზე მეტი სახეობაა (მთელს კავკასიაში 6 350-მდე სახეობაა აღწერილი). ფლორის დაახლოებით 21%, ანუ 900-მდე სახეობა ენდემურია (600 კავკასიის, 300 საქართველოს ენდემი). მაღალია საქართველოს ფლორის გვარობრივი ენდემიზმიც. აქ 16 ენდემური და სუბენდემური გვარია წარმოდგენილი. საქართველო კულტურულ მცენარეთა წარმოშობისა და მრავალფეროვნების ერთ-ერთი ცენტრია. აქ ჩამოყალიბდა ვაზის, მარცვლოვნების, ხეხილისა და სხვ. მრავალი შესანიშნავი სახეობა. ამრიგად, საქართველოს უნიკალური ფიტოგენოფონდი ქვეყნის ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის ცოცხალი ძეგლია, რომლის შესწავლას, დაცვასა და აღდგენას საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს“ — ეს ციტატა ვიკიპედიიდანაა (დიდი მადლობა ჩვენს ვიკიპედიელებს, ესაა სწორედ ერისათვის უანგარო სამსახური!). არამც თუ ბევრი სახეობაა ენდემური საქართველოში, არამედ ბევრია ენდემური გვარიც, ანუ სახეობაზე უფრო მაღალი ტაქსონომიური ერთეული, რაც მოცემული ბიოლოგიური ფორმის უფრო დიდ გენეტიკურ თავისებურებას და ამიტომ საკონსერვაციო ღირებულებას მიუთითებს. ეს გვარებია: Alboviodoxa, Woronowia, Chymsydia, Trigonocaryum, Symphyoloma, Pseudobetckea, Charesia, Mandenovia და Sredinskya.

რამდენად კარგად იცნობთ, ან საერთოდ მოგინახულებიათ ბაკურიანის ალპიური ბოტანიკური ბაღი, გორაბერეჟოულის დენდროლოგიური კოლექცია, თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ქუთაისის, ზუგდიდის, სოხუმის, ბათუმის ბოტანიკური ბაღები? რა იცით მათს შესახებ, რა პროექტები ხორციელდება, რით არიან განსაკუთრებული?

მერე მხრივ, მივმართავ ბოტანიკურ ბაღებს: ინფორმაციის ეპოქაში ბაღები უფრო მეტად და კარგად უნდა იყვნენ წარმოჩენილი… ვებ-გვერდები მხოლოდ ბათუმისა და თბილისის ბაღებს გააჩნიათ (ბაკურიანის ბაღსაც აქვს გვერდი, ოღონდ მხოლოდ ინგლისურ ენაზე).

რადგან ბიოლოგი ვარ, მეგონა, რომ ბოტანიკური ბაღების შესახებ საკმარისი ცოდნა გამაჩნდა. მერე მომიხდა რამოდენიმე პროექტში მონაწილეობა, რამაც უფრო ღრმად ჩამახედა ბოტანიკურ ბაღებში, სადაც ჩემთვის დიდად სასიამოვნო მრავალი აღმოჩენა მელოდა! არ ვარ ბოტანიკური ბაღების სპეციალისტი, მაგრამ არასპეციალისტისათვისაც ცხადია, რომ ბოტანიკური ბაღების მნიშვნელობა მთელი საზოგადოებისათვის და ეროვნული კულტურისათვის სულ უფრო და უფრო იზრდება. ამიტომ შეძლებისდაგვარად მხარი უნდა დავუჭიროთ და დავეხმაროთ ჩვენს ბოტანიკურ ბაღებს და გავაშენოთ ახალი ბაღები… ეს ჩვენი საზოგადოების უფრო სწრაფი და მდგრადი განვითარებით დაგვიბრუნდება.

ბოტანიკური ბაღები არაა მხოლოდ ფიზიკური ადგილი, სადაც ყოფნა სულსა და სხეულს რგებს წელიწადის ნებისმიერ დროს. გაიცანით და დაუახლოვდით ჩვენს ბოტანიკურ ბაღებს, გაატარეთ მათში მეტი დრო — მალე შეიგრძნობთ და შეიცნობთ, რომ საზოგადოება ჩვენი დედაა, ხოლო ბუნება არის საზოგადოების დედა, ანუ ჩვენი დიდი დედა… და ეს დიდი წმინდა ოჯახი თავს სწორედ ბატონების (ბოტანიკურ) ბაღში იყრის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *