
ეთნობიოლოგია: ხიდი ბუნებასა და კულტურას შორის
წარმოგიდგენთ ეთნობიოლოგიას, ახალგაზრდა მეცნიერებას, რომელიც სწავლობს ადამიანსა და ბუნებას შორის ურთიერთობას. მისი სამი ძირითადი შემადგენელი ნაწილია ეთნობოტანიკა, ეთნოზოოლოგია და ეთნოეკოლოგია. ვამბობთ, რომ ეს ახალგაზრდა მეცნიერებაა, რომელმაც ჩამოყალიბება გასულ საუკუნეში დაიწყო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეთნობიოლოგიის ელემენტები შეიძლება ისეთივე ძველი იყოს, როგორც თვით ზოოლოგია და ბოტანიკა. ჯერ კიდევ არისტოტელე სისტემატურად სწავლობდა ცხოველებს და ზოოლოგიის ბევრი საკითხი დაამუშავა, მათ შორის შინაური ცხოველების გამოყენების შესახებ. მის მოწაფე თეოფრასტეზეც იგივე შეიძლება ითქვას, ოღონდ მცენარეების მიმართ. კოლხი მედეა? მას მცენარეების სამკურნალო თვისებების იმდენად არაჩვეულებრივი ცოდნა ჰქონდა, რომ გრძნეულადაც კი ითვლება ძველბერძნულ მითოლოგიაში… შეიძლება ითქვას, მედეა იყო ერთ-ერთი პირველი წარმატებული ეთნობოტანიკოსი! ეთნოზოოლოგისა და ეთნობოტანიკისგან განხვავებით, ეთნოეკოლოგია ახალგაზრდა დარგია, რადგან თავად მეცნიერება ეკოლოგიაა ახალი დისციპლინა, რომელიც ბოტანიკასა და ზოოლოგიასთან შედარებით გვიან, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან იღებს სათავეს.
დღევანდელი ეთნოზოოლოგია და ეთნობოტანიკა სწავლობს ცხოველების და მცენარეების სამეურნეო და კულტურულ მნიშვნელობას, ხოლო ეთნოეკოლოგია აანალიზებს იმ წესებს და ტრადიციებს, რომლებიც ამ ბიოლოგიური რესურსების (მცენარეებისა და ცხოველების) გამოყენებას აწესრიგებს. მთლიანობაში კი ეთნობიოლოგია პასუხობს კითხვას, თუ რამდენად მდგრადია ბუნებრივ გარემოში ჩამოყალიბებული ტრადიციული მეურნეობა, რამდენადაა მორგებული მოცემული საზოგადოების კულტურა მის ბუნებრივ გარემოზე.
ამგვარი კვლევების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნა — ესაა კულტურული ფენომენი, როგორც რაციონალური, ისე ირაციონალური ელემენტებით. რაციონალურია ტრადიციები და წესები, რომელზეც მეურნეობა დგას: როდის, სად და რა დავთესოთ? როდის ავიღოთ მოსავალი? როდის ვინადიროთ და რა ცხოველზე, რამდენის მოკვლა შეიძლება? რა შეიძლება მოვიტანოთ ტყიდან და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის? ირაციონალური ელემენტებია მცენარეების და ცხოველების გაღმერთება, მათთვის მაგიური თვისებების მიწერა, ლეგენდებისა და მითების გმირებად გამოყვანა ფოლკლორში და სხვა. მიუხედავად ამ ირაციონალობისა, ესაა სწორედ ბუნებისა და ადამიანს შორის კავშირის თავისებური ხედვა, ტრადიციული საზოგადოების კულტურის ძალიან დიდი ნაწილი. ტრადიციულ ეკოლოგიურ ცოდნას შეიძლება ეთნობიოლოგიური ცოდნაც ეწოდოს, რომელშიც გადახლართულია რაციონალური და ირაციონალური. მაგრამ, ეს გადახლართვა შემთხვევითი არაა, არამედ ირაციონალური ელემენტები არის ის ინფორმაციული მატრიცა, რომელიც საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში აკოდიფიცირებს და ინახავს ცოდნის რაციონალურ ნაწილს.
ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ ბუნებასა და კულტურას შორის ძლიერია კავშირი. მათგან ყველაზე მეტყველია მჭიდრო კორელაცია ბიოლოგიურ მრავალფეროვნებასა და ლინგვისტურ ანუ ენობრივ მრავალფეროვნებას შორის. ეს გამოიხატება, მაგალითად იმით, რომ ბიოლოგიური და ენობრივი მრავალფეროვნების კერები მსოფლიოს რუკაზე ერთმანეთს ემთხვევა; და რომ ეს არაა შემთხვევით, მრავალი ანალიზითა და მეთოდით არის ნაჩვენები. ჩვენც ერთ ასეთ კერაში ვიმყოფებით: კავკასია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეყვანილია განსაკუთრებულად მაღალი ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცხელ წერტილთა სიაში, ლინგვისტებიც ერთხმად აღიარებენ განსაკუთრებულად მაღალ ენობრივ მრავალფეროვნებას ამ რეგიონში, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი საქართველოა. საგულისხმოა, რომ საქართველო ზომიერ სარტყელში მდებარეობს, 42-45-ე პარალელებს შორის, აქ წესით მრავალფეროვნება ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებთან შედარებით არ უნდა იყოს მაღალი. და მაინც, ჩვენი ქვეყნის ბიოლოგიური და ეთნო-კულტურული მრავალფეროვნება გამოირჩევა ზომიერ ქვეყნებს შორის. აი, ავიღოთ გლობუსი და 42-45-ე პარალელს გავაყოლოთ თითი… თუ დასავლეთით წავალთ, ეს პარალელები გადაკვეთენ ბალკანეთის ქვეყნებს, იტალიას, საფრანგეთის სამხრეთს, შემდეგ ამერიკის კონტინენტს ნიუ-იორკის ჩრდილოეთით და შემდეგ დიდ ტბებს ჩიკაგოსთან ახლო, ზოლი გაივლის რამდენიმე კონტინენტურ შტატს და ახლოს (ჩრდილოეთით!) ჩაუვლის იელოუსტონის განთქმულ პარკს, ვიდრე გადაივლიდეს კლდოვან მთებზე და, ბოლოს, კალიფორნიისა და ორეგონის საზღვართან, ჩავა წყნარ ოკეანეში. გავაგრძელოთ: ოკეანის მეორე მხარეს დაგვხვდება აზიის კონტინენტი, მაგრამ ჯერ მოგვიწევს იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაკვეთა, შემდეგ უკვე გავივლით რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სამხრეთში, ჩინეთის ჩრდილოეთში, შუა აზიაში და ბოლოს კასპიის ზღვით დავბრუნდებით საქართველოში. ამ ზოლში მოგზაურობისას და, მითუმეტეს მის ჩრდილოეთით, ვერსად შეხვდებით საქართველოს სადარ მრავალფეროვნებას, ვერც ბიოლოგიურს და ვერც ენობრივს. შეგვიძლია სამხრეთ ნახევრასფეროშიც ვნახოთ, თუ 42-45-ე პარალელების ზოლში სადმე არის ასეთი ცხელი წერტილი. აფრიკის კონტინენტი ასე შორს სამხრეთით საერთოდ არ ვრცელდება… დასავლეთით წასულებს კი დაგვხვდება სამხრეთი ამერიკის ზომიერი ქვეყნები (არგენტინა, ჩილე), შემდეგ წყნარი ოკეანით მივადგებით ჯერ ახალ ზელანდიას, შემდეგ კი ტასმანიას. ისეთი საყურადღებო მაღალი მრავალფეროვნების ცხელი წერილი, საქართველოს რომ გაუწიოს მეტოქეობა, გზად არსად არ შეგვხვდება. შეიძლება დავა, რომ ახალი ზელანდიის და ტასმანიის ფლორა და ფაუნა მეტად თავისებურია. მაგრამ ამ შემთხვევაში გვაინტერესბს არა სახეობების თავისებურება, არამედ მათი სიმდიდრე ფართობის ერთეულზე, რასაც სახეობების სიმჭიდროვე ეწოდება. საქართველო ფართობით პატარა ქვეყანაა, დაახლოებით ტასმანიის ტოლი და სახეობების სიმჭიდროვით ზომიერ სარტყელში მას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება.
რას ნიშნავს მაღალი მრავალფეროვნება? ბევრი ბიოლოგიური და კულტურული ელემენტი ერთად რომ დაეტიოს, ამისთვის საჭიროა ფიზიკური პირობების ძალიან ფართო სპექტრი; პირობების ასეთი დიაპაზონი საქართველოში კარგად ჩანს: თბილი და ტენიანი კოლხეთის დაბლობი ტყეებითა და ჭაობებით, მთის ტყეები, აღმოსავლეთ საქართველოს ცხელი და მშრალი ველები, ცივი და მშრალი ჯავახეთის ზეგანი და კიდევ უფრო ცივი მაღალმთა. ბუნების ყველა ამ ტიპს თავისი მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო ახასიათებს, გვაქვს მათ შორის გარდამავალი ტიპებიც და ყველა ერთად განაპირობებს კიდეც მაღალ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. ეთნოკულტურული მრავალფეროვნება კი ჩანს ადგილობრივ დიალექტებში, ასევე შინამეურნეობის ტიპებში. მაგალითად, დასავლეთ საქართველოს ბარში, კოლხეთის დაბლობზე ხშირად ნახავთ გუძუბას — ხელოვნურად ამაღლებულ ადგილს, რომელსაც თხრილი აქვს შემოვლებული, სადაც ჩადის ჭარბი წვიმის წყალი და სადმე მდინარეში ან ზღვაში იწრიტება, გუძუბაზე კი მოსავალი მოყავთ. აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც გაყავთ არხები, ოღონდ აქ საპირისპირო მიზნით, სავარგულების სარწყავად: ჰავა აქ ისე მშრალია, რომ მიწა მორწყვის გარეშე მოსავალს არ იძლევა. მთისწინეთში და ჯავახეთის ზეგანზე მორწყვას იშვიათად მიმართავენ, არამედ მეტი ყურადღება ექცევა სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებებს — თესლბრუნვას, შერეული თესლით თესვას, სათეს-სახნავი ნაკვეთების სწორედ შერჩევას და ა.შ. მაღალმთაში განვითარებულია საიალაღო მეცხოველეობა. შინამეურნეობის ყველა ეს ტიპი ძალიან დახვეწილ ცოდნასა და ტრადიციებს ეყრდნობა, მათი ისტორია სულ ცოტა 3500 წელს ითვლის, რაც ამ ტრადიციული მეურნეობების მდგრადობაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობის მიხედვით გარდამავალი ტიპის შინამეურნეობებიც არსებობს, მაგალითად, კახეთის ზოგ რეგიონში რწყავენ მხოლოდ ვენახებს და ბაღებს, ყანებს კი არა. მთელი ეს მრავალფეროვნება ცხადია კლიმატის და ნიადაგების ნაირგვარობაზეა მორგებული და ქმნის დიდ კულტურულ მრავალფეროვნებას.
მაშ, სად არის საქართველოსთან შედარებით უფრო მაღალი მრავალფეროვნება? ქვემო განედებზე, ეკვატორთან ახლო, ტროპიკულ ქვეყნებში. განსაკუთრებით მაღალი მრავალფეროვნების კერებს მეგა-მრავალფეროვნების რეგიონებს უწოდებენ. არსად დედამიწის ზურგზე მრავალფეროვნება ასეთი მაღალი არაა, როგორც მეგა-მრავალფეროვნების ქვეყნებში. ასეთის ცენტრებიდან ორი ტროპიკული რეგიონი გამოირჩევა. ყველაზე მაღალია მრავალფეროვნება კოლუმბიის ლიანოსებსა და ამაზონიაში, ასევე მალაის არქიპელაგზე (ინდონეზია, მალაიზია, ბრუნეი, ფილიპინები, ახალი გვინეა). ამ ქვეყნებიდან რომელიმეს თუ საქართველოს შევადარებთ, კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდება ბუნებრივი გარემოს როლი კულტურის ჩამოყალიბებაში. მაგალითისთვის ავიღოთ მალაის არქიპელაგის კუნძული იავა, სადაც, საქართველოს მსგავსად, ტრადიციული მიწათმოქმედება ადრევე, ძველ დროში განვითარდა.
ტროპიკებსა და ზომიერ სარტყელს შორის სხვაობა უკვე კლიმატშივე ჩანს: საქართველოს ახასიათებს ოთხი სეზონი — გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი, იავაზე კი მხოლოდ ორ სეზონს ვხედავთ: ნოტიო (ნოემბერი-მარტი) და მშრალი (აპრილი-ოქტომბერი). აი, შევხედოთ კლიმაგრამას, რომლის აბსცისაზე საშუალო თვიური ტემპერატურაა დატანილი, ორდინატაზე კი თვიური ნალექები. საქართველოს წარმოადგენს რუსთავი, ხოლო იავას — ჯოგიაკარტა, ეს ორივე ქალაქი ძველ სამიწათმოქმედო ცენტრებში აღმოცენდა. ვხედავთ, რომ რუსთავში ტემპერატურა დიდ დიაპაზონში მერყეობს, მაშინ როცა ჯოგიაკარტაში ის თითქმის არ იცვლება თვიდან თვემდე! სამაგიეროდ, ჯოგიაკარტაში თვიდან თვემდე ძალიან მნიშვნელოვნად იცვლება ნალექების რაოდენობა, რუსთავში კი ნალექები ძალიან მცირედ იცვლება და ყოველთვის შედარებით მცირეა. კლიმატში სხვაობა მართლაც კონტრასტულია და, რა თქმა უნდა, ტრადიციული მეურნეობაც ჰავის ამ თავისებურებებზეა მორგებული. ჩვენში ხვნა-თესვა გაზაფხულზე იწყება და მეურნეებმა იციან, როდის გაიყვანონ პირველი ხნული, როდის რა დათესონ ან დარგონ, როდის იზრუნონ მორწყვაზე, როდის დგება თიბვის სეზონი (თიბათვე), როდისაა მკის დრო (მკათათვე), როდის რთველის და ა.შ. იავაზეც, გამოცდილებით იციან, რომ ხვნა-თესვა წვიმიანი სეზონიდან მშრალში გადასვლამდე (მაისში) ჯობს, როცა ნიადაგი მაქსიმალურად ნოტიოა და ბრინჯის ყანების წყლით დაფარვა შეიძლება. მოსავალი აქ მალე მწიფდება, წვიმიანი სეზონის დროს დაგროვილი ტენი საკმარისია და მოსავლის აღებას გვალვის დაწყებამდე ასწრებენ. მაგრამ დავბრუნდეთ ძველ დროში, როცა ეს ტრადიციები ყალიბდებოდა. როგორ იგებდნენ მეურნეები, რომ ხვნა თესვის დრო მოვიდა?
ჩვენი ფოლკლორიდან ვიცით, რომ მეურნეები გაზაფხულის და მაშასადამე ხვნა-თესვის სეზონის მოახლოებას იტყობენ “ხეში წყლის ჩადგომით” (თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, ჩიტმა ჩიორამაო, საძირკველი გადგაო): გადატეხილი შტოდან “წყალი” მოჟონავს. ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების დრო მოსულა. ამას მოყვება კვირტების ზრდა და “დახეთქვა”, ყოჩივარდას ყვავილობა, მცენარეულობა აღარ ელის ყინვებსა და თოვლს და მალე “ფეთქდება”: ნუში, ტყემალი, სხვა ადრე მოყვავილე მცენარეები აყვავებას იწყებენ, რაც მეურნესთვის სიგნალია, რომ, თუ აქამდე არ დაუწყია თესვა, ძალიანაც არ დააგვიანოს. იგივეს აჩვენებს ფრინველების ქცევის შეცვლა — ბუდეების შენება, ან ძველის მოწესრიგება, გადამფრენი ფრინველების დაბრუნება და ა.შ. შემდეგ უკვე ნათესებზე, ბაღისა და ტყის მცენარეულობაზე დაკვირვებით, თუ როდის ყვავის ესა თუ ის მცენარე, მეურნე საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას იღებს წელიწადის დროის შესახებ.
იაველი მეურნესთვის ასეთი დაკვირვებებით სეზონის განსაზღვრა ძალიან ძნელია. ჯერ ერთი, ტროპიკულ მცენარეებს არ აქვთ კვირტები, ისინი სულ იზრდებიან და უბრალოდ ანელებენ ზრდას, თუ ტენმა იკლო. მთავარი ისაა, რომ მცენარემ “არ იცის”, როდის მთავრდება ერთი და იწყება მეორე სეზონი, ის უბრალოდ პასუხობს ტენის მატებასა და კლებას, ნებისმიერ დროს შეუძლია იყვავილოს ან ნაყოფი მოისხას… მეურნემ კიდეც რომ შეძლოს ძალიან ზუსტი დაკვირვებებით დაადგინოს, რომ მცენარეებმა ზრდა შეანელეს, ეს შეიძლება დაგვიანებულიც გამოდგეს, როგორც სეზონის ცვლის სიგნალი. ფრინველებზე დაკვურვებაც შეიძლება, მაგრამ როცა მათი ქცევა იცვლება — ეწყებათ სიყვარულის სეზონი, ეცვლებათ შებუმბვლა, ქრებიან ან ჩნდებიან გადამფრენი ფრინველები — ისეთ დროს ხდება, რომ ხვნა თესვის დაწყება ან ძალიან ადრეა, ან ძალიან გვიან. ზომიერი სარტყლის მცენარეებს კი, კვირტების გარდა, რომლებზეც დაკვირვება ადვილად შეიძლება, ახასიათებთ ე.წ. ფოტოპერიოდიზმი, ასე ვთქვათ „შინაგანი კალენდარი“: ისინი საზღვრავენ დღეღამის ნათელ პერიოდს და ამის მიხედვით წინასწარ იციან, რომ დღის ხანგრძლივობა უახლოვდება ღამისას და რომ გაზაფხულისთვის „წყალი უნდა ჩაიყენონ“ ანუ ფიზიოლოგიურად უნდა მოემზადონ. ასე, რომ ჩვენმა წინაპარმა მეურნემ ერთი-ორი კვირით თუ არა, რამდენიმე დღით მაინც წინასწარ იცოდა სეზონის შეცვლის დრო. იავაზე სხვა გამოსავალი ნახეს, რომ ხვნა-თესვის დრო არ გაპარვოდათ. მათ ამისთვის თავისებური მზის კალენდარი შეიმუშავეს.
საქმე ისაა, რომ ეკვატორზე ან მასთან ახლო მზის მოძრაობაზე დაკვირვება ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ზომიერი სარტყლის ქვეყნებში. ჩვენთან მზე მუდამ სამხრეთით იხრება (ამიტომაც ვუწოდებთ ჰორიზონტის ამ წერტილს “სამხრეთს”). მართალია, მისი დახრილობა ზამთარსა და ზაფხულში სხვადასხვაა, მაინც ძნელია მასზე დაკვირვება და დახრილობის კუთხის ისეთი სიზუსტით გაზომვა, რომ წელიწადის დროის ცვლილების მოახლოება განისაზღვროს, გაცილებით იოლია მცენარეებზე დაკვირვება. ახლა კი თავი ეკვატორზე ან მასთან ახლო წარმოვიდგინოთ… აქ მზე ექვსი თვე ჩრდილოეთით იხრება (როცა ჩვენთან ზაფხულია), შემდეგი ექვსი თვე კი სამხრეთით (როცა ჩვენთან ზამთარია). ეს ცვლილებები იმდენად შესამჩნევია, რომ არაა ძნელი გნომონით, ანუ მზის საათით მზის გადახრის კუთხის გაზომვა და დადგენა, თუ რომელ თვეში ვიმყოფებით. ასე იტყობდნენ მაისის მოახლოებას და ხვნა-თესვის დაწყებისთვის ემზადებოდნენ.
მაგრამ, თუკი ბუნება მონაწილეობს ჩვენი კულტურის ჩამოყალიბებაში, ჩვენც ხომ ვმოქმედებთ მასზე და სახეს ვუცვლით… ეს კარგად ჩანს ტყეების სავარგულებად გადაქცევიდან, სასოფლო ტყეებსა და უღრან ტყეებს შორის სხვაობებიდან. ადამიანის ზემოქმედებამდე, ჩვენს ტყეებში წიფელი და მუხა იყო გაბატონებული, დღეს კი ტრადიციულ სამეურნეო (სასოფლო) ტყეებში ჭარბობს მურყანი (დასავლეთ საქართველოში) და რცხილა (აღმოსავლეთ საქართველოში). მაგრამ ბუნების და ტრადიციული საზოგადოების ურთიერთობა აქ არ მთავრდება: სახეცვლილი ბუნება უკუქმედებს ჩვენს კულტურაზე და ცვლის მას. ეს ჩანს იქიდან, რომ ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავეს არა მარტო სამიწათმოქმედო ტექნოლოგიები, არამედ ბუნებისდაცვითი ტრადიციებიც — ტყით და წყლით სარგებლობის, ნადირობის, თევზჭერის წესების მთელი კოდექსი, რომელთა დაცვამ ჩვენი ტრადიციული მიწათმოქმედების ათასწლეულობით მდგრადობა განაპირობა. ეს ტრადიციული ცოდნა ჩვენი კულტურის საგანძურია და ეთნობიოლოგიის ერთ-ერთი მიზანიც მისი ჩაწერა, დოკუმენტირება და დაცვაა.
როგორც ხედავთ, ეთნობიოლოგს მოეთხოვება როგორც საბუნებისმეტყველო, ისე საზოგადობრივი და ჰუმანიტარული საგნების საკმაოდ კარგი, ფუნდამენტური ცოდნა… ეს არაა იოლი საქმე და ამიტომ ეთნობიოლოგები გუნდურად მუშაობენ: ბიოლოგები და ეთნოლოგები, გეოგრაფოსები და ისტორიკოსები, სტატისტიკოსები და ქიმიკოსები, მათემატიკოსები და სოციოლოგები და ასე შემდეგ. ასე მოქმედებს ეთნობიოლოგია როგორც ხიდი მრავალ დისციპლინას შორის.
/*! elementor – v3.20.0 – 13-03-2024 */
.elementor-widget-image{text-align:center}.elementor-widget-image a{display:inline-block}.elementor-widget-image a img[src$=”.svg”]{width:48px}.elementor-widget-image img{vertical-align:middle;display:inline-block}