
ევოლუცია მთაში: რატომ არის ამდენი ხვლიკის სახეობა კავკასიაში?
მართლები იყვნენ თუ არა ჩარლზ დარვინი და ერნსტ მაირი? კავკასიურ ხვლიკებზე ჩატარებული კვლევა აჩვენებს: დიახ, იყვნენ.
ჩარლზ დარვინმა ივარაუდა, რომ გეოგრაფიული იზოლაცია ბუნებრივი გადარჩევის აუცილებელი წინაპირობაა. „ბიგლზე“ მოგზაურობისას, თვალში მოხვდა გალაპაგოსის კუნძულებზე ჩიტ მთიულების მრავალფეროვნება. მან დაწერა რომ, ალბათ, მთიულას ერთი სახეობა ოდესღაც გავრცელდა სხვადასხვა კუნძულზე და ბუნებრივმა გადარჩევამ განაპირობა მისი დაყოფა მრავალ სახეობათ.
XX საუკუნის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ბიოლოგმა, ერნსტ მაირმა, განავითარა ეს იდეა: რა ხდება მას შემდეგ, რაც სახეობები, რომლებიც განვითარდნენ საერთო წინაპრისგან იზოლაციის პირობებში, კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს? თუ იზოლაციაში დაგროვებული განსხვავებები საკმარისად ძლიერია, ჰიბრიდების სიცოცხლისუნარიანობა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე არაჰიბრიდული ინდივიდების. ბუნებრივი გადარჩევა კი ისეთი ნიშნების განვითარებას შეუწყობს ხელს, რომლებიც ხელს უშლიან სახეობების შეჯვარებას.
ეს არის სახეობათა წარმოშობის უმარტივესი გზა. თუმცა, მრავალი გენეტიკური კვლევა აჩვენებს, რომ რეპროდუქციული სისტემის ზოგიერთი ცვლილება შეიძლება წარმოიშვას გეოგრაფიული იზოლაციის გარეშეც. რამდენად გავრცელებულია „ტრადიციული“ სახეობათაწარმოქმნა გეოგრაფიული იზოლაციის გზით?
კავკასიური კლდის ხვლიკების გეოგრაფიული გავრცელების უახლოესი კვლევა მხარს უჭერს “ტრადიციული” მოდელის უნივერსალურობას. კლდის ხვლიკები უჩვეულოდ მრავალფეროვანია. კავკასიის მთებში ბინადრობს კლდის ხვლიკების 30-ზე მეტი სახეობა, მათ შორის – შვიდი უსქესო, რომელთა მდედრები გაუნაყოფიერებელ კვერცხებს დებენ და იქიდან მათი კლონები, გენეტიკურად იდენტური მდედრები იჩეკებიან. როგორ შეიძლება წარმშობილიყო ასეთი მრავალფეროვნება და რამდენად დიდ როლს ამაში ადრე იზოლირებულ სახეობებს შორის კონტაქტს შეიძლება ეთამაშა?
Linnean Society-ის ბიოლოგიურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა შეადარეს 11 სახეობის ხვლიკის დაახლოებით 250 გავრცელების წერტილი. ამ ხვლიკების ევოლუციური კავშირები კარგადაა ცნობილი, აქამდე ჩატარებული გენეტიკური კვლევების შედეგად. ზოგიერთი სახეობის არეალები გადაიფარება; სხვების არეალები მომიჯნავეა. ზოგიერთი ცხოვრობს ერთსა და იგივე რეგიონში, მაგრამ არასოდეს გვხვდება ერთად.
როდესაც არეალების გადაფარვა და სახეობების გენეტიკური მსგავსება შევადარეთ ერთმანეთს, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ის ხვლიკები, რომლებიც ცალკე სახეობებად ჩამოყალიბდნენ 5 მილიონი წლის წინ ან უფრო ადრე, შეიძლება იცხოვრონ ერთსა და იგივე კლდეზე. ისინი, რომლებიც ერთმანეთს 2-3 მილიონი წლის წინ დაშორდნენ, შეიძლება გვხვდებოდნენ ერთ გეოგრაფიულ რეგიონში, მაგრამ არასოდეს გვხვდებიან ერთად. და ბოლოს, ხვლიკები, რომლებიც “მხოლოდ” რამდენიმე ათეული ათასი წლის ჩამოყალიბდნენ განსხვავებულ სახეობებად, არასოდეს გვხვდება ერთსა და იმავე გეოგრაფიულ სივრცეში.
მონათესავე სახეობების მიერ ერთმანეთის არიდება შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად ეფექტური. უმარტივესი გზაა განსხვავებულ გეოგრაფიულ სივრცეში მინადრობა. ამ შემთხვევაში, კონტაქტი სახეობებს შორის იშვიათია და ზედმეტია რთული ქცევითი ან ეკოლოგიური მექანიზმების განვითარება ჰიბრიდიზაციის ასაცილებლად. ის სახეობები, რომლებიც ცხოვრობენ ერთ რეგიონში, მაგრამ სხვადასხვა ჰაბიტატებში, უფრო ხშირად კონტაქტობენ; აქედან გამომდინარე, მათ უნდა განავითარონ პოტენციური პარტნიორის ამოცნობის მექანიზმები, რომლებიც თავიდან აიცილებენ ძალიან არასასურველ შეჯვარებას.
ნაკლებად მონათესავე სახეობები ხშირად გვხვდება ერთსა და იმავე კლდეზე. ისინი იმდენად განსხვავდებიან, რომ ჰიბრიდიზაცია მათ შორის შეუძლებელია. განსხვავდება მათი სხეულის ზომა ან შეფერილობა, ან აქტიურები არიან წელიწადის სხვადასხვა დროს. ხვლიკის ოთხამდე სახეობა ზოგჯერ ერთსა და იმავე კლდეზე გვხვდება.
იზოლაციის მექანიზმების განვითარების შედეგად კავკასიონის მთებში გაჩნდა კლდის ხვლიკის მრავალფეროვანი ფაუნა. ზოგს შედარებით დიდი სხეული აქვს, ზოგს კი პაწაწინა. მათი მუცლის ფერი მერყეობს წითელიდან თეთრამდე; ზურგზე ლაქები განსხვავებულადაა განლაგებული. ზოგი კლდეებზეა მიჯაჭვული, ზოგი ტყის ნეშომპალაში ბინადრობს.
როგორც ვხედავთ, კვლევის ტექნიკაში უზარმაზარი პროგრესი ძირს ვერ უთხრის ბევრ ერთი შეხედვით მოძველებულ თეორიას.
სტატიის წასაკითხად გადადით ლინკზე:
