
კალმახი თუ ორაგული? რა თევზი დაცურავს საქართველოს ნაკადულებში
მრავალი წელია ითვლება, რომ საქართველოს მდინარის კალმახი და შავი ზღვის ორაგული – ერთი და იგივე თევზია. უბრალოდ, ზოგჯერ კალმახის ლიფსიტა აღწევს ზღვას, იქ მოხვედრისას იზრდება, მერე კი – უბრუნდება იმ მდინარეს, სადაც დაიბადა, იქ მრავლდება და იღუპება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა მრავალწლიანმა კვლევამ აჩვენა რომ ასე არაა. საქართველოში რამოდენიმე სახეობის კალმახი და ორაგული ბინადრობს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი არასოდეს „ორაგულდება“ და მთელ ცხოვრებას მდინარის სათავეებში ატარებს.
როდესაც იაკობ გოგებაშვილმა დაწერა „ორაგულის ცხოვრება“, არავინ იცოდა რომ მდინარის კალმახი (წინწკლებიანი კალმახი, როგორც უწოდებენ მას დღეს რათა განასხვავონ ამერიკული ცისარტყელა კალმახისგან, რომლითაც დღეს სავსეა სუპერმარკეტები) იგივეა რაც უზარმაზარი ორაგული, რომელიც მხოლოდ საქვირითედ შედის მდინარეებში; ქართულადაც განსხვავებულ სახელს უწოდებდნენ. თუმცა, მეოცე საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ევროპაში გავრცელებული კალმახები ხშირად გადიან საზრდელად ზღვებში, სადაც მათი იერი იცვლება, ისინი დიდ ზომას აღწევენ და ბრუნდებიან მდინარეებში მხოლოდ სიცოცხლის მიწურულს, რათა იქვირითონ და დაიღუპონ. 1930-ან წლებში თბილისში, იხტიოლოგი გერმანე ბარაჩის ავტორობით, გამოიცა წიგნი „შავი ზღვის კუმჟა (კალმახი-ორაგული). ბარაჩმა, მრავალწლიანი დაკვირვების საფუძველზე, აჩვენა, რომ შავი ზღვის ორაგული არაა ცალკე, განსხვავებული სახეობა: ეს იგივე თევზია, რაც მდინარეებში მობინადრე კალმახი. მრავალი წელი ეს არავის შეუტანია ეჭვქვეშ. კავკასიური კალმახი ითვლებოდა იგივე სახეობად, რაც ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელებული თევზი, სამეცნიერო სახელით Salmo trutta, ხოლო შავი ზღვის ორაგულს მის ქვესახეობად აღიარებდნენ (Salmo trutta labrax).
თუმცა, 2011 წელს რიზეელმა მეცნიერმა თურანმა შეისწავლა ჭოროხის აუზში მობინადრე კალმახები და დაასკვნა, რომ იქ არსებობს ორი გამოკვეთილი სახეობა. ერთი მათგანის ლიფსიტა, მართლაც, გადის ზღვაში და იქ აღწევს ზრდასრულობას, თუმცა შეიძლება მდინარეშიც „ჩარჩეს“. მეორე კი გასხვავდება პირველისგან გარკვეული გარეგანი ნიშნებით და არასოდეს სცილდება თავის დაბადების ადგილს.
2017 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს შეკვეთით, ილიას უნივერსიტეტის მკვლევარმა ლევან ნინუამ შეისწავლა კალმახის მდგომარეობა საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მდინარის აუზში. ამასთან ერთად, მან გამოიკვლია თევზების მიტოქონდრიული გენების სტრუქტურა. ეს გენები დედის ხაზით გადაიცემა. აღმოჩნდა, რომ საქართველოში სულ ცოტა სამი, გენეტიკურად კარგად გამოკვეთილი სახეობის კალმახი ბინადრობს. ერთია შავი ზღვის კალმახი-ორაგული, რომელიც რიონის, ენგურის, ჭიოროხისა და სხვა შავი ზღვის აუზის მდინარეებში ბინადრობს. ეს კალმახი დიდად არ განსხვავდება შავი ზღვის მდინარეების კალმახისგან, იმისგანაც კი, რომელიც მდინარე დუნაიში დაცურავს. მეორე კასპიის კალმახი-ორაგულია, მტკვრის აუზში მობინადრე და მესამე კი – თერგის აუზის კალმახი, რომელიც განსხვავებულადაა შეფერილი და სხეულის პროპორციებიც განსხვავებული აქვს.
კვლევა გაგრძელდა, უკვე უფრო დეტალური გენეტიკური ანალიზით. და 2020 წელს ლევან ნინუამ აღმოაჩინა პატარა ზომის, განსხვავებული შეფერილობის კალმახი რიონის ერთ-ერთ შემონაკადში. განსხვავებულად იქამდე ნაპოვნი თევზებისგან, თავისი გენეტიკით ის მკვეთრად განსხვავდებოდა შავ ზღვაში მოპოვებული ორაგულებისგან. და რაოდენ საოცარი იყო, როდესაც მისი მიტოქონდრიული გენები აღმოჩნდა თურანის მიერ ჭოროხის აუზში, რიზესთან მოპოვებული „რეზიდენტი“ კალმახისგან, რომელიც დაბადების ადგილს არასოდეს სცილდება!
ამ კვლევამ დაადასტურა საქართველოში მეოთხე სახეობის კალმახის არსებობა, რომელიც არაა კავშირში ჩვეულებრივ შავი ზღვის კალმახ-ორაგულთან და მცირე წყაროების ბინადარია, რომელიც იბადება, იზრდება და მრავლდება ამავე წყაროებში და არასოდეს გადის ზღვაში. თურქი მეცნიერის მიერ დარქმეული Salmo rizeensis-ის მსგავსად, ანუ იგივე სახეობას მიეკუთვნება.
ასე რომ, საქართველოს მდინარეებში ოთხი სახეობის კალმახი გვხვდება, ოღონდ ერთ-ერთი მათგანი არასოდეს „ორაგულდება“ და ამით უარყოფს მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი თევზის შესახებ. მომავალში კი, როდესაც კალმახის დაცვაზეა საუბარი ჩვენს ბუნებაში, ოთხივე სახეობა ცალკე უნდა განიხილებოდეს ყველას, კი განსხვავებული საფრთხები ემუქრება. „რეზიდენტი“ კალმახი კი რელიქტური სახეობაა, რომლის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.
ბმულები:
https://doi.org/10.1002/ece3.3884
https://doi.org/10.1002/ece3.10335

