1 min read

კავკასიაში მიწის საფარის ცვლილებები ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მიღებული Corona-ს სადაზვერვო და Landsat-ის თანამგზავრების სურათებიდან

დედამიწის ზედაპირის რაობის ცვლილების შესწავლის ყველაზე ეფექტური და სანდო გზაა სატელიტური გამოსახულებების ანალიზი. ამ გზით მსოფლიოში უკვე ჩატარებულია მრავალი კვლევა. ეს კვლევები ჩვეულებრივ იყენებენ იმ მაღალი გარჩევადობის გამოსახულებებს (ძირითადად 30-მ Landsat-ისა), რომელთა მოპოვებაც დაიწყო 1980-იანი წლების დასაწყისში. ამიტომ ამ კვლევებში გამოტოვებულია მიწის საფარის მნიშვნელოვანი ცვლილებები მანამდე ანუ უფრო ადრე ვიდრე 1980 წელი. არადა ყველაზე დიდი ცვლილებები მიწის საფარში მოხდა სწორედ მანამდე, კერძოდ შუა მე-20 საუკუნეში. ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზი არის ადამიანის ზეგავლენა. ჩვენ დავისახეთ ამოცანად მთელ კავკასიაში მიწის საფარის ცვლილების შესწავლა სწორედ შუა მე-20 საუკუნიდან დღემდე. ამაში დაგვეხმარა ცივი ომის დროინდელი სადაზვევრვო სატელიტური გამოსახულებები Corona, რომელთა მოპოვებაც დაიწყო 1960-იან წლებში. Corona-სა და Landsat-ის სატელიტური გამოსახულებებით ვაჩვენეთ მიწის საფარის ცვლილება 1960 წლიდან დღემდე მთელ კავკასიაში. ეს არც ისე ადვილი იყო, რადგან Corona და Landsat გამოსახულებები სხვადასხვა ფორმატისაა და მათი გადაბმა დროსა და სივრცეში მოვახდინეთ რთული მათემატიკური ოპერაციებით. მიწის საფარის 11 კლასი (ტყე, ხრიოკი, მინდორი, სახნავ-სათესი, ურბანული, ჭაობი, მდინარე, ტბა, თოვლ-ყინული, ღრუბელი, ღრუბლის ჩრდილი) დავამოდელეთ სატელიტური გამოსახულებების სპექტრულ მონაცემებზე და სიმაღლის ციფრულ მოდელზე (SRTM 30m), რითაც დავარუკეთ ამ კლასთა გავრცელება დროსა და სივრცეში მთელ კავკასიაში. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა (იხ. ლინკი):
https://drive.google.com/file/d/1NJmvvj86Oyuhubfmhtip-Eb9Q8o7PPBq/view?usp=sharing

აი ჩვენი გამოქვეყნებული კვლევის ინტერაქტიული რუკა, სადაც ნახავთ არა მარტო ტყის, არამედ მიწის სხვადასხვა საფარის დინამიკასაც მთელ კავკასიაში 1960-იან წლებიდან დღემდე:
https://silvis.forest.wisc.edu/webmaps/caucasus/

აქ გთავაზობთ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო შედეგს რაც საქართველოს ეხება. კავკასიაში 1965-დან 2015 წლამდე ტყის ყველაზე დიდი მატება მოხდა საქართველოში: 3%-იანი წმინდა მატება (700 კმ2) 1965-დან 1987 წლამდე და 6%-იანი წმინდა მატება 1987-დან 2015 წლამდე. ამისი ძირითადი მიზეზებია ხევხუვებიდან და მთიდან ხალხის გადასახლება ბარში და საარსებო საქმიანობის ცვლილება. აფხაზეთში ტყემ იმატა წმინდა 40%-ით (1967 კმ2) 1965-დან 1987 წლამდე, განსაკუთრებით მინდვრებისა (93%, 1212 კმ2) და სახნავ-სათესების (5%, 60 კმ2) ხარჯზე. ცნობისათვის, კლასში “ტყე” იგულისხმება 0.1-ჰა ადგილი ანუ კორომი, სადაც მერქნიანი მცენარეების საშუალო სიმაღლე აღემატება 2 მეტრს, ხოლო ვარჯის დაფარულობა აღემატება 30%-ს. ეს კლასი მოიცავს ტყის ამონაყარსაც და ხე-ხილის ბაღებსაც. პოსტსაბჭოთა ეპოქაში ანუ 1987-დან 2015 წლამდე ტყემ იმატა 6%-ით სამცხე-ჯავახეთის ხევებში (90 კმ2), 16%-ით შიდა ქართლის მთაში (350 კმ2) და 10%-ით მცხეთა-მთიანეთში (275 კმ2). პოსტსაბჭოთა პერიოდში ტყის უფრო დიდი მატება, ვიდრე მანამდე იმით აიხსნება, რომ (1) მოსახლეობა შემცირდა, რასაც ტყის ნაკლები კაფვა მოჰყვა და (2) საბჭოთა პერიოდში საქართველო ათასობით ცხვარს აზამთრებდა რუსეთის დაღესტანში, ხოლო აზაფხულებდა საქართველოს მთიანეთში, მაგრამ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაღესტანთან წვდომა დაიკარგა. აქედან გამომდინარე და რადგან საქართველოში საზაფხულო საძოვრები ზომით ბევრად აღემატებოდა საზამთრო საძოვრებს, ცხვრის რაოდენობა ბევრად შემცირდა, რამაც შეამცირა ძოვების ზეწოლა საზაფხულო საძოვრებზე ანუ მთიანეთზე. ამან საშუალება მისცა ტყეებს ჩაენაცვლებინათ საზაფხულო საძოვრების დიდი ნაწილი მთიანეთში, ყველაზე მეტად შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.