
ვეგეტარიანელი “ტილები”
თივაჭამიები (Psocodea), ასევე ცნობილები როგორც წიგნის და ქერქის ტილები, არასრული მეტამორფოზის მქონე მწერების რიგია, რომელიც დღესდღეობით 6000 ცნობილ სახეობას დაითვლის მსოფლიოს მაშტაბით. თივაჭამიები ხშირად მოიაზრებიან როგორც ყველაზე პრიმიტიული ნახევარხეშეშფრთიანები. მიუხედავად იმისა, რომ მათი უახლოესი ნათესავები ყველასთვის კარგად ცნობილი სისხლისმწოველი ტილები არიან, თივაჭამიები პარაზიტები არ არიან, მათი რაციონი ძირითადად ორგანული ნარჩენებისა, სოკოსა და მიკროფლორისგან შედგება. ისინი მრავალი ფორმით და ზომით მოგვევლინებიან: ზოგ სახეობას სრულად განვითარებული ფრთები გააჩნია (თუმცა ამავე სახეობებში ცნობილია მოკლეფრთიანი ფორმები), სხვებს ფრთიანი მამრები და უფრთო მდედრები ახასიათებთ ან პირიქით (Embidopsocus enderleini შემთხვევაში). რაც შეეხება სხეულის მოყვანილობას, ერთი შეხედვით კონსერვატიულ თივაჭამიებშიც გვხვდებიან გასაოცარი სახეობები, მაგალითად 2005 წელს აღმოჩენილი Reticulopsocus besucheti, რომელიც ხოჭოს წააგავს.

გამრავლებაც საკმაოდ არაორდინალური აქვთ: ცნობილია, რომ ეს უხერხემლოები მრავლდებიან როგორც სქესობრივი ასევე უსქესო გზით (პართენოგენეზი), და ზოგ სახეობას ორივე მეთოდით გამრავლების ძალა შესწევს, რამაც დიდწილად განაპირობა მათი ახალი პოპულაციების დამკვრიდებას დაუსახლებელ ტერიტორიებზე და კოსმოპოლიტებად ჩამოყალიბებას.
მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა ველურ ბუნებაში მცენარეულობაზე გვხვდება, არსებობენ ადამიანების საცხოვრებლებისკენ მიდრეკილი სახეობები, დაჯილდოვებული გავრცელების განსაკუთრებული უნარით, რაც საკმაოდ ართულებს ზოგიერთ სახეობის თავდაპირველი გავრცელების რეკონსტრუქციას ან განასხვავებას ადგილობრივ და შემოტანილ სახეობებს შორის.
საქართველოს თივაჭამიების ფაუნის სახეობრივი სიმდიდრის შესწავლის პირველი და დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი მცდელობა განხორციელდა XX საუკუნის 50-60-იან წლებში ლიდია დანკას მიერ, რომელმაც დააფიქსირა 16 სახეობა ბათუმის და სოხუმის ბოტანიკური ბაღებიდან. სწორედ აქედან 1950 წელს ლიდიამ Aaroniella badonneli აღწერა. ბოლო წლებში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარების და ასევე მოქალაქე მეცნიერების აქტიურობის შედეგად, რომლებმაც შეძლეს ბევრად უფრო მდიდარი მალული მრავალფეროვნების გამოვლენა კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის ფარგლებში (https://ggbc.eu/). მათ მიერ გამოვლენილი დამატებითი 32 სახეობიდან ზოგიერთი კავკასიაში არ ფიქსირდებოდა. საბოლოო 48 სახეობის გარდა, საქართველოში თივაჭამიების დამატებითი მინიმუმ 14 სახეობის აღმოჩენაა მოსალოდნელი.
https://doi.org/10.3897/zookeys.1168.103666
https://doi.org/10.3897/caucasiana.3.e116995