ზრუნვა შთამომავლობაზე: მსოფლიოს საუკეთესო დედები
1 min read

ზრუნვა შთამომავლობაზე: მსოფლიოს საუკეთესო დედები

შთამომავლობაზე ზრუნვა დამოუკიდებლად განვითარდა ცხოველთა სამეფოს სხვადასხვა ჯგუფებში და თავის მხრივ აჩენს კითხვას, თუ რატომ ახასიათებს ეს ფენომენი რომელიმე კონკრეტულ სახეობას და არა სხვას. მიუხედავად იმისა, რომ შთამომავლობაზე ზრუნვა მშობლისგან გარკვეულ დანახარჯებს მოითხოვს, მას, როგორც წესი, მნიშვნელოვანი სარგელობა მოაქვს შთამომავლობის გადარჩენის, ზრდის და შემდგომი გამრავლების თვალსაზრისით.

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, არა ხერხემლიანები, არამედ უხერმლო ცხოველების მრავალი სახეობა, კერძოდ კი ობობები, გამოირჩევიან განსაკუთრებული ზრუნვით შთამომავლობაზე. ობობის ყველა სახეობას გარკვეული სახით ახასიათებს დედობრივი ზრუნვა, დაწყებული კვერცხების მოთავსებით საკვერცხე პარკში, დამთავრებული მათ აქტიურ დაცვამდე, ტარებამდე და შთამომავლობის კვებამდე. მაგრამ ზოგიერთმა სახეობამ დედობრივი ზრუნვა განსაკუთრებულ მწვერვალებამდე აიყვანა, რომელიც დღესდღეობით ცნობილია მატრიფაგიის სახელით, პროცესი, რომლის განმავლობაში შთამომავლობა შთანთქავს მზრუნველ დედას.

მატრიფაგია დამახასიათებელია არამხოლოდ ობობებისთვის: ის უხერხემლოების სხვადასხვა ჯგუფებში გვხვდება, მაგალითად მრგვალ ჭიებში (Nematoda), ყურბელებში (Dermaptera) და ყველაზე ბოლოს აღმოჩენილი იყო ამერიკის ნეოტროპიკებში ცრუმორიელის (Pseudoscorpiones) ერთ-ერთ სახეობაშიც . რაც შეეხება ხერხემლიანებს, ასეთი დედობრივი მზრუნველობა ამფიბიების ერთადერთ ჯგუფს აღმოაჩნდა, რომლებიც უფეხო ამფიბიების სახელთაა ცნობილი (Gymnophiona). თავშეწირვისა და გადარჩენის ასეთი პარადოქსული შეხამება დამოუკიდებლად განვითარდა ობობების სხვადასხვა ოჯახებში, მათ შორის Amaurobiidae, Cheiracanthiidae, Eresidae, Thomisidae და Theridiidae. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სოციალურობის განსხვავებულ დონეებს ავლენენ, მატრიფაგია უფრო ფართოდაა გავრცელებული ისეთ სახეობებში, რომლებისთვისაც სოციალურობის შედარებით მაღალი დონეა დამახასიათებელი, განსხვავებით მარტოხელა წარმომადგენლებისგან.

პირველი შეხედვით თავშეწირვის ალოგიკური ქმედება, სინამდვილეში არც ისე გასაკვირი არის, განსაკუთრებით დედების შეზღუდული რეპდორუქციის უნარის გათვალისწინებით (ობობების სრული უმეტესობა ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთხელ მრავლდება). როგორც ასეთი, მატრიფაგიის კონცეფცია ემსახურება შთამომავლობის პოტენციური კანიბალიზმის შემცირებას, რაც ზრდის მათი თანაცხოვრების ხანგრძლივობას და, თავის მხრივ, ხელს უწყობს სოციალური ქცევის ჩამოყალიბებას. ეს ჩახლართული ურთიერთქმედება თავშეწირვას, გადარჩენასა და სოციალურ ევოლუციას შორის, კიდევ უფრო ართულებს ჩვენ გაგებას მშობელთა ზრუნვის შესახებ ცხოველთა სამეფოში, განსაკუთრებით ობობებსა და სხვა უხერხემლოებში.

მატრიფაგიის გამომწვევი მექანიზმები განსხვავდება ობობებს შორის. მაგალითისთვის ავიღოთ ევროპაში ფართოდ გავრცელებული Amaurobius ferox (Amaurobiidae), რომელიც ახალგამოჩეკილ შთამომავლობას საწყის ეტაპებზე გაუნაყოფიერებელი კვერცხებით კვებავს. მაგრამ მდედრის ქცევა რადიკალურად იცვლება პატარების საფარველის პირველი ცვლის შემდეგ: ის იწყებს ქსელზე ხტუნვას და აქტიურ “კაკუნს” საცეცებით, რითიც იპყრობს საკუთარი შთამომავლობის ყურადღებას. სულ მცირე დროში, ახალშობილი ობობები ინსტინქტურად შეჯგუფდებიან დედის გარშემო და ცოცხლად გამოსწოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჰემოლიმფას.

ავსტრალიური კირჩხიბა-ობობა Australomisidia ergandros (Thomisidae) და ასევე Anelosimus (Theridiidae) გვარის მრავალი სახეობა აგრეთვე თავიანთი შთამომავლობის ანალოგიურ მსხვერპლებად მოგვევლინებიან. თუმცა, ისეთი სახეობებში როგორებიცაა Cheiracanthium japonicum (Chiracanthiidae), Phylloneta sisyphia და Phylloneta impressa (Theridiidae), და პირველ რიგში Eresidae ოჯახში თავმოყრილ წარმომადგენლებში (მაგალითად ადგილობრივი Eresus lavrosiae, Eresus kollari და ახლახან აღმოჩენილი Stegodyphus lineatus), ვითარება განსხვავებულია. შთამომავლობის გამოჩეკვის შემდეგ, მათ სხეულებში შეუქცევადი პროცესები იწყება: თავიდან ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების, ხოლო შემდეგ უკვე სიცოცხლისთვის სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე შიდა ორგანოების თანმიმდევრული დაშლა მიმდინარეობს. მზრუნველი დედები, სიცოცხლის ფასად ამ პროცესში მიღებული თხევადი მასით საკუთარ შთამომავლობას გამოკვებავენ.

სავსებით მოსალოდნელია, მატრიფაგია სხვა ობობებშიც არსებობდეს და ჯერ კიდევ არ იყოს აღმოჩენილი, რადგან დღესდღეობით კვლევების ძირითადი ნაწილი ყურადღებას უთმობს მათ ტაქსონომიას და არა ბიოლოგიას. და ბოლოს, მსურს მოგიწოდოთ, ობობებს შეხედოთ არა მხოლოდ როგორც დაუნდობელ მტაცებლებს ან თქვენი ფობიების წყაროს, არამედ ეცადოთ დაინახოთ მათში საუკეთესო დედები დედამიწის ზურგზე.

https://doi.org/10.1636/S03-61.1

http://dx.doi.org/10.2476/asjaa.69.17

https://doi.org/10.3897/caucasiana.2.e110536